ევროკავშირის პრეზიდენტს 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით განცხადება გაეგზავნა
400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით, ევროკავშირის პრეზიდენტს და რამდენიმე წარმომადგენელს განცხადება გაეგზავნა  საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპერსპექტივის თაობაზე. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე ითხოვენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. 
მისი ინფორმაციით, განცხადებაზე ხელმომწერები არიან სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლები. 
ამასთან, ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, მას და კახა გოგოლაშვილს დღეს, საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან, შეხვედრა ჰქონდათ, სადაც ევროკავშირისთვის გაგზავნილი განცხადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 
"ჩვენ ვუთხარით ელჩებს, რომ ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის მინიჭება, ვიზების ლიბერალიზაცია, რადგან რთული ფონია შექმნილი, რუსული აგრესიის სახით. მათ ვუთხარით, რომ ჩვენს ხალხს სჭირდება სტრატეგიული მიზნები, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ მათგან ვითხოვთ ნათელ მესიჯებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდებიან ევროკავშირის წევრები. ამის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ტუღუშმა. 
ამასთან, მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წევრების ორგანიზებით, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მოეწყობა დემონსტრაციები ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე მოთხოვნით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიეცეთ ევროპერსპექტივა. 
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხმას გაიგებენ იქ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

2015.05.08

<< Back